დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია არ უნდა დაარეგისტრიროს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში გაცხადებულ მიზნებს.
"დამფუძნებლებმა პარტიულ ყრილობაზე ღიად განაცხადეს "კონსერვატიული მოძრაობის" პრორუსული და ანტიდასავლური საგარეო ვექტორის შესახებ. ზურა მახარაძემ პარტიის მიზნებად საქართველოში "ლიბერალური დიქტატურის" დასრულება და "ქრისტიანული დემოკრატიის" შექმნა დაასახელა. საგულისხმოა, რომ "ალტ-ინფოს" სარედაქციო პოლიტიკა გამოირჩევა ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ძალადობის წამახალისებელი რიტორიკით", - ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანონით დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომელიც ძალადობის პროპაგანდას ეწვევა ან აღვივებს ეროვნულ ან სოციალურ შუღლს.
"საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს”.
მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს ევროპის საბჭოს არაერთ ქვეყანაში, რომლებიც ითვალისწინებენ "თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის" უზრუნველმყოფ მექანიზმებს. "დემოკრატიის მტრებს არ უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ გამოიყენონ დემოკრატიით მინიჭებული უფლებები და თავისუფლებები მისთვის საფრთხის შესაქმნელად." უფლებების ბოროტად გამოყენებას კრძალავს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ არსებული ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტებიც.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში გაცხადებულ მიზნებს.
იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ კანონსაწინააღმდეგო, ძალადობის პროპაგანდის, სოციალური, ეროვნული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გამაღვივებელი დებულებები მარეგისტრირებელ დოკუმენტებში ასახა, საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს", - ნათქვამია განცხადებაში.
პრორუსულმა, ძალადობრივმა ჯგუფმა ალტ ინფომ პარტია დააფუძნა. პარტიას სახელად კონსერვატიული მოძრაობა ერქმევა.
პარტიის დამფუძნებლები 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არიან - კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო და სხვები.
პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს.